ხაშურის №4 საჯარო სკოლაში 500 მოსწავლეზე გათვლილი ახალი შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, არსებული რკინაბეტონის ფილის დემონტაჟი უკვე დაიწყო.
სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად დაათვალიერა. მინისტრი ასევე შეხვდა პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს და მათ პროექტის მიმდინარეობისა და მშენებლობის ვადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ახალი სკოლის მშენებლობაზე ტენდერი დასრულებულია და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლენილია. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის შეთანხმების პროცედურები, საექსპერტო კვლევები და მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო სამუშაოები.
პროექტის დასრულება 2028 წლის ივლისშია დაგეგმილი. მიზანია, მოსწავლეებმა 2028-2029 სასწავლო წელი ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში დაიწყონ.
