კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში ცნობილი ქართველი მოჭიდავისა და გმირი მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში გაიმართა.
შეჯიბრებაში მონაწილეობა ორ ასაკობრივ ჯგუფში მოასპარეზე სპორტსმენებმა მიიღეს. ტურნირის მონაწილეებმა გამარჯვებისთვის იასპარეზეს, საუკეთესო შედეგის მქონე მოჭიდავეები კი შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ზურაბ მუზაშვილი 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის დროს, სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა. მან სტიქიის ზონაში ექვსი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა თავად ზონიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო და დაიღუპა.
მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციასა და სპორტული ტრადიციების გაგრძელებასთან ერთად, გმირი მეხანძრე-მაშველის ღვაწლისა და თავდადების პატივისცემას ემსახურება.
ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სპორტსმენები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.


