შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის მონაწილეობით მძლეოსნური გარბენი გაიმართა, რომელშიც 200-ზე მეტმა მონაწილემ იასპარეზა.
შეჯიბრებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური.
გარბენში ქალთა და მამაკაცთა შორის გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდნენ.
ქალთა შორის პირველი ადგილი გორელმა ეთერ ბახტურიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე ხაშურელი მარიამ ქორთიაშვილი გავიდა, მესამე ადგილი კი გორელ ევა ციცაგს ერგო.
მამაკაცთა შორის გამარჯვებული გორელი ლევან დემუროვი გახდა. მეორე ადგილი ლაშა გოგშელიძემ, ხოლო მესამე ადგილი ლუკა ქოქაშვილმა დაიკავა. ორივე სპორტსმენი გორელია.
გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებით, ფულადი ჯილდოებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
გარბენის ყველაზე ახალგაზრდა და უფროს მონაწილეებს, ბარბარე ასანიძესა და დავით ნაზარაშვილს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და შიდა ქართლის რეგიონული ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
„შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება. ღონისძიება სპორტის ოთხ სახეობას ქართულ ჭიდაობას, კალათბურთს, მძლეოსნობასა და ფეხბურთს აერთიანებს.
მძლეოსნური გარბენის ორგანიზატორი თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის შიდა ქართლის რეგიონული ფედერაცია იყო.
სპორტული თამაშების დასკვნითი შეჯიბრებები 22 და 24 სექტემბერს ფეხბურთში გაიმართება.