ქართულ-იაპონური ურთიერთობების თემატიკის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე მაყურებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა სპორტის იმ იაპონურ სახეობებს, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლებში ისწავლება.
საჩვენებელი გამოსვლები შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლისა და გურამ პაპიტაშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა გამართეს. მათ ძიუდოს, კარატესა და სუმოს ელემენტები წარმოადგინეს.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში სპორტის აღნიშნულ სახეობებში დღეს რამდენიმე ასეული ახალგაზრდა უფასოდ ვარჯიშობს. სააგენტო მათ საქართველოს მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობას, ტრანსპორტირებასა და კვებასაც უზრუნველყოფს, რაც ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციასა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.



