დაკავებულია სამი პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულში მონაწილე პირებმა ერთ-ერთ მოქალაქეს დამტკიცებული თანხა სრულად გამოატანინეს და ფული მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ.
დანაშაულში მონაწილე პირებმა ერთ-ერთ მოქალაქეს დამტკიცებული თანხა სრულად გამოატანინეს და ფული მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 3 პირი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
პოლიციის მიერ, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.