16 სექტემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში, ღია საჭიდაო არენაზე, შიდა ქართლის ღია პირველობა ქართულ ჭიდაობაში დიდებში (16+) ჩატარდება.
პირველობა „შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში იმართება. შეჯიბრებაში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და მუნიციპალიტეტის გუნდები მიიღებენ.
გუნდები იასპარეზებენ ოლიმპიური სისტემით. სპორტსმენები ხუთ წონით კატეგორიაში იბრძოლებენ: 60, 70, 80, 90 და +90 კგ. დაშვება +2 კგ-ია.
შეჯიბრების შედეგად გამოვლინდებიან პირველობის გამარჯვებული და მეორე-მესამე ადგილზე გასული გუნდები. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები თასებით, მედლებითა და ფულადი ჯილდოებით დაჯილდოვდებიან.
🥇 I ადგილი — 6000 ლარი
🥈 II ადგილი — 4000 ლარი
🥉 III ადგილი — 2000 ლარი
აწონვა 12:00-13:00 საათზე გაიმართება, შეჯიბრება კი 13:00 საათზე დაიწყება.
შეჯიბრების ინიციატორები არიან შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია. ორგანიზატორია საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭერი კი – ქარელის მუნიციპალიტეტი.