გორის მუნიციპალიტეტი ქალაქის დღესასწაულს „გორის დღე 2026“-ს 3 ოქტომბერს აღნიშნავს. ღონისძიებები ლომჭაბუკის მოედანზე 12:00 საათიდან დაიწყება, ოფიციალური გახსნა კი 15:00 საათზე გაიმართება.
დღის განმავლობაში სტუმრებს სხვადასხვა სახის ღონისძიება ელოდებათ. მოეწყობა სოფლის კუთხეები, ხელოვნების ნამუშევრებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე კვების სივრცეები და სპორტული აქტივობები.
ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობი სივრცეები და ატრაქციონები, გაიმართება სახის მოხატვა და სხვა აქტივობები. დაგეგმილია ანიმაციური ფილმების ჩვენება და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაც.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში 15:00-დან 17:00 საათამდე ღონისძიებები ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდება.
17:00 საათზე ერისტავის თეატრის ეზოში გაიმართება ღონისძიება, ხოლო 18:00 საათზე ერისტავის თეატრში დაგეგმილია სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის მოსწავლეების მონაწილეობით კონცერტი. საღამოს ასევე გაიმართება გორის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება.
საზეიმო დღის მუსიკალური ნაწილი 19:00 საათზე გალა-კონცერტით გაგრძელდება. სტუმრების წინაშე ჯგუფი „Soft Wave“ წარდგება.
20:00 საათზე კონცერტს ჯგუფი „¼“ და ლინდა ადამია გააგრძელებენ, საღამოს კი დიჯეი გიგა პაპასკირი დაასრულებს.
გორის მუნიციპალიტეტი მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს „გორის დღე 2026“-ზე ეპატიჟება.