ხაშურში სააკაძის, ლომოურისა და ასათიანის ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ამ ეტაპზე ქუჩებზე ტროტუარების მოწესრიგება მიმდინარეობს, რაც ქვეითთა გადაადგილებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს.
სამივე ქუჩა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მათ აქტიურად იყენებენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეები.
სარეაბილიტაციო პროექტების ღირებულება შემდეგია: სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია 1 875 555 ლარი ჯდება, ლომოურის ქუჩის – 1 110 000 ლარი, ხოლო ასათიანის ქუჩის კეთილმოწყობისთვის 437 776 ლარია გათვალისწინებული.
ჯამში, ქალაქ ხაშურში 15 ქუჩის რეაბილიტაციისთვის 19 მილიონი ლარია გამოყოფილი. პარალელურად, მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციაც.
მიმდინარე პროექტები მიზნად ისახავს ხაშურის ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებას, საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგებასა და მოსახლეობისთვის გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას.