გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში, 11-16 ოქტომბერს, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ ჩატარდება.
ფესტივალის პროგრამა სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე ანიმაციურ ფილმებს, გამოფენებს, მასტერკლასებს, ხელოვანებთან შეხვედრებს, მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ წარმოდგენებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებს გააერთიანებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელი ფესტივალი საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება.
ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნის ანიმატორებს, ხელოვანებს, სტუდენტებსა და მაყურებლებს გააერთიანებს და ნიქოზში საერთაშორისო კულტურული გაცვლისა და შემოქმედებითი შეხვედრებისთვის სივრცეს შექმნის.
„ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი“ ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ისაიამ დააფუძნა. ფესტივალი ყოველწლიურად, მისი უშუალო ხელმძღვანელობით იმართება.
გაეცანით ფესტივალის პროგრამას: https://www.facebook.com/share/p/1DM3wqE9WR/