კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ იგოეთის მიმდებარედ, ველურ ბუნებაში 100 გნოლი და 100 კაკაბი გაუშვეს. ინიციატივის მიზანი ადგილობრივი ფაუნის გამრავლებისა და ბუნებრივი ეკოსისტემის გამდიდრების ხელშეწყობაა.
ფრინველები გაშვებამდე ორი კვირის განმავლობაში ტყის მიმდებარედ სპეციალურად მოწყობილ ვოლიერში იმყოფებოდნენ, რათა ველურ გარემოსთან ადაპტირება მოეხდინათ. ვოლიერის მოწყობა და ფრინველების მოვლა-პატრონობა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ხუციშვილმა უზრუნველყო.
კასპის მუნიციპალიტეტში ფრინველების ბუნებრივ გარემოში დაბრუნების ტრადიციას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა. პროექტისთვის ფრინველები ფონდმა „ქართუმ“ გადასცა, რომელიც წლებია ქართული ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებისა და განვითარების მიმართულებით არაერთ ინიციატივას აფინანსებს.
გაშვების პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ტყემალაძე და სანადირო კლუბების — „ლეგიონის“, „მონადირისა“ და „იბერიის“ წარმომადგენლები.
ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი წლებია აფინანსებენ იშვიათი და უნიკალური სახეობის ფრინველთა გამრავლებისა და ბუნებრივ გარემოში დაბრუნების პროექტებს. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის გადარჩენას უკავშირდება. ოჯახის დაფინანსებით, საქართველოში ველურ ბუნებაში უკვე რამდენიმე ათასი კოლხური ხოხობი გაუშვეს, მათ შორის კასპის მუნიციპალიტეტშიც.
იგოეთის მიმდებარედ განხორციელებული ინიციატივაც ქართული ფაუნის შენარჩუნებისა და გამრავლებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.