კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ახალციხეში შიდა საუბნო გზების მოწესრიგება იგეგმება. ამ ეტაპზე გზებზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტის დასრულების შემდეგ კი ადგილობრივები განახლებული და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინა-ბეტონის ღარები ლითონის ცხაურებითა და ეზოებში შესასვლელები, ასევე დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. რეაბილიტაციის დასრულების შედეგად სოფელში გადაადგილება უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება.