27 და 28 ნოემბერს გორის სპორტის სასახლეში გიორგი დარბაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური საკალათბურთო ტურნირი გაიმართება. შეჯიბრების ორგანიზატორი საკალათბურთო კლუბი „ივერიონი – გორია“
ორდღიან ტურნირში ოთხი გუნდი მონაწილეობს: მასპინძელი „ივერიონი“, „ახალციხე“, „თელავი“ და „ქუთაისი“.
გათამაშების ფორმატის მიხედვით, პირველ სათამაშო დღეს, 27 ნოემბერს, ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება. 17:00 საათზე ერთმანეთს „ახალციხე“ და „თელავი“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 19:00 საათზე პარკეტზე „ივერიონი“ და „ქუთაისი“ გავლენ.
ტურნირი 28 ნოემბერს ფინალური დღის შეხვედრებით დასრულდება – 16:00 საათზე მატჩი მესამე ადგილისთვის ჩატარდება, 18:00 საათზე კი ფინალური დაპირისპირება დაიწყება.
გიორგი დარბაიძე საკალათბურთო კლუბ „ივერიონი – გორის“ მენეჯერი იყო, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა. მის ხსოვნას მიძღვნილი შეჯიბრება კლუბის ორგანიზებით ტარდება, ხოლო „ივერიონი – გორის“ პრეზიდენტის, ილია ჯოლბორდის ინიციატივით, ტურნირი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება.
გორის სპორტის სასახლეში დაგეგმილ ყველა მატჩზე დასწრება თავისუფალია.