გორელმა ძიუდოისტმა გიგი გიუნაშვილმა 73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატი მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გაიმართა. გიუნაშვილი საქართველოს ნაკრების გუნდური, ე.წ. მიქს-შეჯიბრების შემადგენლობაში ასპარეზობდა და ტურნირზე ჩატარებული ყველა შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.
საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში მონტენეგრო ანგარიშით 4:2 დაამარცხა, შემდეგ გერმანიასთან 2:4 დამარცხდა. რეპეშაჟში ქართველმა ძიუდოისტებმა ჯერ ხორვატებს 4:2, შემდეგ კი თურქეთს 4:3 მოუგეს და საბოლოოდ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების თითოეულ შეხვედრაში გიგი გიუნაშვილმა გამარჯვება მოიპოვა და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
გიუნაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
გორელ სპორტსმენს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და მომავალ შეჯიბრებებზე წარმატებას უსურვებენ.


