ხაშურის მუნიციპალურმა ანსამბლმა „ფრესკამ“, ქორეოგრაფისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, ელენე რატიანის ხელმძღვანელობით, საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში, არისტოტელეს თეატრში სოლო კონცერტი გამართა.
კონცერტზე ანსამბლის მოცეკვავეებმა მაყურებელს ქართული ტრადიციული და საავტორო ცეკვები, ასევე საესტრადო და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს.
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ბერძნულმა ცეკვა „სირტაკმა“, რომელიც ანსამბლმა სპეციალურად საბერძნეთის ტურისთვის დადგა.
ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ანსამბლ „ფრესკას“ სალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ მადლობის სიგელი გადასცა.
კონცერტს ქართველი ემიგრანტებიც დაესწრნენ. მათ ახალგაზრდა მოცეკვავეებს გულთბილად უმასპინძლეს და კონცერტს განსაკუთრებული ემოციებით შეხვდნენ.
როგორც ანსამბლის ქორეოგრაფმა აღნიშნა, „ფრესკას“ სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი გასტროლი აქვს გამართული, თუმცა საბერძნეთის ტური განსაკუთრებული ემოციებით გამოირჩევა.
„ჩვენი სოლო კონცერტი ნახეს როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ასევე ქართველმა ემიგრანტებმა და განსაკუთრებული სიყვარული ვიგრძენით. ჩვენთვის დიდი პატივია თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსულისგან სიგელის მიღება. გვიხარია და ვამაყობთ, რომ ყველგან ასე ღირსეულად წარმოვაჩენთ ჩვენს საქართველოსა და მუნიციპალიტეტს“, – აღნიშნა ანსამბლის ქორეოგრაფმა.
ანსამბლი „ფრესკა“ საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას და ქართული ცეკვის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ აგრძელებს.