აფხაზეთში ომის დაწყებიდან 29 წელი გავიდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 29-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
თეა ახვლედიანის განცხადებით, 14 აგვისტო თითოეული ჩვენგანის საერთო ტრაგედიაა და სწორედ ამიტომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.
„14 აგვისტო უმძიმესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, სრულიად საქართველოსთვის, ასობით ათასი დევნილისა და იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მაგრამ განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ოჯახის წევრი და ახლობელი დაკარგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. ჩვენ დავკარგეთ გმირები, რომელთა ხსოვნას მინდა პატივი მივაგო და ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე. ეს არის საერთო ტკივილი, საერთო ტრაგედია აფხაზთა და ქართველთა, რომელიც აუცილებლად უნდა დავძლიოთ მშვიდობის ძალით, შერიგების, ნდობის აღდგენის გზით, რათა არასდროს განმეორდეს ასეთი ტრაგედია,“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.
„დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირებს. ეს ის ტკივილია ჩვენი ერისათვის, რომელსაც დრო ვერ კურნავს. ჩვენ ვალში ვართ ჩვენს გმირებთან და ეს ვალია, რომ დაუღალავად ვიშრომოთ, გვიყვარდეს და პატივი ვცეთ ერთმანეთს და სწორედ ამდაგვარად შეგვეძლება სწრაფად განვითარდეს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენ შევძლოთ, ჩვენს ოს და აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, ერთიან ძლიერ სახელმწიფოში თანაცხოვრება,“- განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 29 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები. 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, მაშინ როცა ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა.
ომის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.