გორში ტურისტის მკვლელობაზე დაკავებულ პირებს ქურდობასაც ედავებიან



გორში ტურისტის მკვლელობაზე დაკავებულ პირებს ქურდობასაც ედავებიან

საქართველოს პროკურატურამ, ქ. გორში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ტ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე - გ.ბ.-ს, ზ.ფ.-ს, გ.ქ.-ს და გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი წარედგინა ვ.ო.-ს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის - ტ.კ.-ს გაძარცვა გადაწყვიტეს და აღნიშნული განზრახვა ვ.ო.-ს გაანდეს, რომელმაც დანაშაულში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იმავე დღეს, ქ. გორში, რკინიგზის სადგურის მახლობლად, ღამის საათებში, გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ. და გ.ო., მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, ტ.კ.-ს მობილურ ტელეფონს და პლასტიკურ ბარათს დაეუფლნენ. ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, ბრალდებულებმა გონებადაკარგული ტ.კ. მდინარე მტკვარში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

მომხდარის შესახებ ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ ისევ აცნობეს ვ.ო.-ს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე, ასევე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს." - წერია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ., გ.ო. და ვ.ო. 2021 წლის 10 ოქტომბერს დააკავეს. გ.ბ.-ს, ზ.ფ.-ს, გ.ქ.-ს და გ.ო.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარებაში მყოფისა, ჯგუფურად), ასევე, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვ.ო.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ