მორიგი ვანდალური ფაქტი კასპში
მორიგი ვანდალიზმის ფაქტი კასპში, ამჯერად უცნობმა პირებმა კასპის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ნაძვისხე დააზიანეს. მოშალეს ჯებირი და დაზიანეს ელექტრო სადენები. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს და ფოტოებს აქვეყნებს.
,,ქალაქში ნაძვისხის დადგმიდან დღემდე ნაძვისხის მოძულეებმა - რკინის ჯებირი უკვე ორჯერ დააზიანეს და განათების სადენიც ჩაჭრეს... რკინის ჯებირის დაზიანება ვფიქრობთ შემთხვევითობა არ არის, მიზეზი ჩვენთვის გაუგებარია. სადენიც აღადგინეს, ჯებირიც შეკეთდება, მაგრამ... რატომ არ ვუფრთხილდებით, ყველაფერი ხომ ჩვენთვის, თქვენთვის და ყველასთვის კეთდება...“ - წერია ვახტანგ მაისურაძის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ, კასპში მომხდარი კიდევ ერთი ვანდალური ფაქტის შესახებ მოქალაქემ სოციალურ ქსელში დაწერა. აღნიშნულ შემთხვევაში უცნობმა პირებმა გარე სპორტული ტრენაჟორები დააზიანეს. მომხდარი დაადასტურეს კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში. მათ მოქალაქეებს ყურადრებისკენ და ინფრასტრუქტურის გაფრთხილებისკენ მოუწოდეს.