რას ყვებიან აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები
აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდების ტყიდან გამოყვანის ოპერაცია დღეს დილით დასრულდა. ამ დროისთვის ისინი გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.
7 ახალგაზრდა ტყეში რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგული იყო, მათ ამ რთული დღეების შესახებ დღეს ისაუბრეს.
"ალპურ ზონაში როცა ავედით, იქ უკვე მარკირება დაგვეკარგა იმიტომ, რომ იყო ნისლი, ალპური ზონიდან წამოვედით არასწორი მიმართულებით და მალევე მივხვდით უკვე, რომ გზა აგვებნა. მდინარესთან ვიყავით, უკვე დაღლილები ვიყავით და ძალაც არ გვქონდა, რომ გაგვეგრძელებინა გზა, დასვენება გვჭირდებოდა, თან ასანთი ვიპოვეთ იქ, აღარ გვქონდა და ცეცხლი დავანთეთ, რომ ტანსაცმელი გაგვეშრო, სველი გვქონდა. იმ დღეს მოვიდნენ ზუსტად იმ ადგილას მაშველები," - აცხადებს ერთ-ერთი დაკარგული ახალგაზრდა.
ერთ-ერთი ახალგაზრდის ახლობელი განცხადებით, შვიდივეს მობილურ ტელეფონზე კავშირი შეწყვეტილი ჰქონდა, რაც მდგომარეობას უფრო ართულებდა.
"ტელეფონზე კავშირი გაწყვეტილი იყო საერთოდ და ეს უფრო ამძიმებდა სიტუაციას. ყველას ტელეფონი გათიშული იყო საერთოდ," – ამბობს გიორგი კიტრიაშვილი.
"მე მომკალი ჩემი შვილი გადაარჩინე მარტო მაგასღა ვლოცულობდი მეტი არაფერი და ღმერთმა შეისმინა ჩემი ლოცვა. ყველასთან, ვინც გვერდით დამიდგა ყველას დიდი მადლობა," – ამბობს ერთ-ერთის მშობელი მარინა მარგვია.
სტუდენტები აბასთუმნის ტყეში სალაშქროდ 2 ივნისს შევიდნენ და სახლში 4 ივნისს უნდა დაბრუნებულიყვნენ. ოჯახებმა 5 ივნისს შეატყობინეს რეინჯერებსა და სამართალდამცველებს რომ ახალგაზრდებს ვერ უკავშირდებოდნენ. 6 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათისთვის, ახალგაზრდების კვალს მიაგნეს. მათი გამოყვანა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.