"დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს"-გორის კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელსაც არ გაიმართება
გორში, კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელსაც არ გაიმართება - ამის შესახებ ინფორმაცია ფესტივალის დირექტორმა დაგვიდასტურა, რომელმაც მიზეზებზე საუბარი არ ისურვა. ქალაქში ფესტივალი პანდემიის გამო გასული ორ წელს არ გამართულა. ცნობისთვის, კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2014 წელს, ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის იმ დროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად დაარსა. ფესტივალის რეპერტუარი სათაურიდან გამომდინარე გულისხმობს კომედიური ჟანრის სპექტაკლების მონაწილეობას. დაარსებიდან ამ დრომდე გორის ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა დასმა მიიღო. უკვე რამდენიმე წელია კომედიის ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა და გორში სტუმრობა სხვადასხვა ქვეყნის დასებმაც შეძლეს. კომედიის ფესტივალი, საფესტივალო გაერთიანების წევრიც გახდა. სულ მსოფლიოში რამდენიმე კომედიის ფესტივალია, მათ შორის უკვე თამამად იკავებს ადგილს საქართველოს კომედიის თეატრალური ფესტივალიც.