ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ ე.წ. „რესპუბლიკის“ „სახელმწიფო საზღვარზე“ ნებისმიერი პროვოკაცია კანონის ფარგლებში აღიკვეთება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ ე.წ. „რესპუბლიკის“ „სახელმწიფო საზღვარზე“ ნებისმიერი პროვოკაცია კანონის ფარგლებში აღიკვეთება, - ინფორმაციას სააგენტო RES -ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, "უშიშროების კომიტეტში" აცხადებენ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 15 ივნისის შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ბედიც განიხილეს, რომელიც სასჯელს „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და რესპუბლიკის სასაზღვრო ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებისთვის“ იხდის.
„საქართველოში ოპოზიციური ძალები ცდილობენ მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ე.წ. კომიტეტის ცნობით, 17 ივნისს, საზოგადოებრივი მოძრაობის - "ძალა ერთობაშია"- ლიდერმა დავით ქაცარავამ Facebook- ის საკუთარ გვერდზე 2021 წლის 23 ივნისს დაგეგმილი „მორიგი პროვოკაციული ინიციატივის“ შესახებ დააანონსა, რომლის მიზანია, საქართველოს ხელისუფლებას მსჯავრდებულის გათავისუფლების მიზნით მეტი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდოს.
„დ. ქაცარავას მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ზ.გახელაძის ოჯახი, არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ორგანიზებას უწევს საპროტესტო აქციას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის უშუალო სიახლოვეს, რის შემდეგაც მონაწილეები აპირებენ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას. "ძალა ერთობაშიას" საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონდეს მცდელობას, რომ მონაწილეები სამხრეთ ოსეთი-საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაარწმუნონ,“- აცხადებენ კომიტეტში.
მათი განმარტებით, ასეთი პროვოკაციული ინიციატივების განხორციელება, ვინც არ უნდა იყოს მისი ინიციატორი, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მოლაპარაკებების პროცესს.
ოკუპირებული ცხინვალის "კგბ"-ში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „სახელმწიფო საზღვარზე“ დამყარებული ადმინისტრაციული და სამართლებრივი რეჟიმების დარღვევის ნებისმიერი მცდელობა აღიკვეთება მოქმედი „კანონმდებლობის“ ფარგლებში. ე.წ. უშიშროების კომიტეტი ასევე მოუწოდებს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებსა და მოქალაქეებს, აღკვეთონ მსგავსი ქმედებები.
"ნებისმიერი პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ექვემდებარება სასჯელს ან სხვა ზომებს, რომლებსაც რესპუბლიკის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს. პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება ხორციელდება, თუ არსებობს საფუძველი და კანონით გათვალისწინებული პირობები, მაგრამ არა პოლიტიკური შანტაჟის შედეგად ”, - აცხადებენ კგბ-ში.