ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე, 27 აგვისტოდან წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში სამუშაოები დაიწყება, რის გამოც ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება.
პირველ ეტაპზე იმერეთის ქუჩა ჩაიკეტება იმერეთის, ბორჯომისა და რუსთაველის ქუჩების დამაკავშირებელი მოედნიდან იმერეთის ქუჩისა და დიმიტრი ყიფიანის მეორე შესახვევის კვეთამდე.
შეზღუდვის პერიოდში მოქალაქეებს გადაადგილებისთვის შეუძლიათ გამოიყენონ დიმიტრი ყიფიანის პირველი შესახვევი, ყიფიანის, თუმანიშვილის, ლომიურის, 26 მაისის და ტაბიძის ქუჩები, ასევე ბაზრის მიმდებარე გზები.
ქუჩის გადაკეტვა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რათა სამუშაოები შეუფერხებლად ჩატარდეს და მოქალაქეებისთვის გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს.
სამუშაოების შემდგომ ეტაპებთან და მოსალოდნელ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია პერიოდულად განახლდება.
მოქალაქეებს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები და გადაადგილების დაგეგმვისას ალტერნატიული მარშრუტებით ისარგებლონ.