23-წლამდელთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ხუთი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
გორელი სპორტსმენები ასპარეზობაში 16 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან. პირველ დღეს ნიკა ზანგალაძე (61 კგ) იჭიდავებს, 17 ოქტომბერს კი არენაზე ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (57 კგ), საბა ღამბაშიძე (65 კგ), გოგა ოთინაშვილი (70 კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) გამოვლენ.
ნიკა ზანგალაძე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია, დანარჩენი ოთხი სპორტსმენი კი ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლაში ვარჯიშობდა.
ხუთივე მოჭიდავეს ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებზე მედლები აქვს მოპოვებული. მიმდინარე წელს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა და კონსტანტინე პეტრიაშვილმა მოიპოვეს, პეტრიაშვილი კი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონიც გახდა.