გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი შეხვდნენ.
ადგილზე დაათვალიერეს დასახლებაში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათ საჭიროებებზე იმსჯელეს.
იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში მდებარე დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.
დევნილთა სააგენტოს ორგანიზებით, შავშვების, ხურვალეთის, ბერბუკის, თელიანის, მეტეხისა და კარალეთის დასახლებებში მცხოვრებ 150-მდე ოჯახს საცხოვრებელ სახლებში დაზიანებული იატაკის საფარი სრულად შეუცვალეს. სამუშაოები ითვალისწინებდა ძველი საფარის დემონტაჟსა და მის კაპიტალურ განახლებას. ამასთან, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და შენობების გარემო პირობებისგან დაცვის მიზნით, მოეწყო ჰიდროიზოლაცია და თბოიზოლაცია.
შავშვებში ასევე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.