17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა.
გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
კასპში, წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, მამა ალექსანდრემ ვეტერანთა ჯანმრთელობისა და მადლიერების პარაკლისი აღავლინა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა ვეტერანების პატრიოტიზმსა და თავდადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ერთგულება და სიმამაცე მომავალი თაობებისთვის სამაგალითოა.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ვეტერანებს დღე მიულოცა და სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ვეტერანები შშმ პირები ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 300 ლარის ოდენობის დახმარებას იღებენ. ამასთან, მერია მათ საზღვაო კურორტზე სარეაბილიტაციო კურსს უფინანსებს და სოციალური პროგრამებით გათვალისწინებულ შეღავათებს სთავაზობს.
ვეტერანის დღე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით 2014 წელს დაარსდა და ყოველწლიურად, 17 ოქტომბერს აღინიშნება.