ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
შეხვედრები ოსიაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ახალსოფელში, ზემო და ქვემო ოსიაურში, ასევე ფლევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ნაცარგორში, დიდ და პატარა ფლევსა და ტკოცში გაიმართა.
მოქალაქეებს მიმდინარე წელს განხორციელებული სამუშაოები გააცნეს და სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
პაატა ჩადუნელის განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრები საანგარიშო ხასიათს ატარებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეების მოსაზრებებისა და საჭიროებების გათვალისწინება.
მისივე თქმით, შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში გაგრძელდება, რათა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად არსებული საკითხების გადაწყვეტის გზებზე იმსჯელონ.


