ხაშურის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა, მერიის, საკრებულოსა და სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპული სამხედროების საფლავები გვირგვინებით შეამკო.
2008 წლის აგვისტოს ომმა ხაშურის მუნიციპალიტეტიდან სამი ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეიწირა: კაპრალი დავით ბლიაძე, კაპრალი ზაურ მახარაშვილი და კაპრალი გიორგი წიქარიშვილი.
დავით ბლიაძე ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერია და დაკრძალულია სოფელ ქვიშხეთში. ზაურ მახარაშვილი სიკვდილის შემდეგ მედლით „მხედრული მამაცობისთვის“ დაჯილდოვდა და სოფელ ოსიაურშია დაკრძალული. გიორგი წიქარიშვილი კი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერია და თბილისის ძმათა სასაფლაოზე განისვენებს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხეივანი და სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალი.
„ჩვენი გმირების სიმამაცე, თავდადება და სამშობლოსადმი უანგარო სამსახური საუკეთესო მაგალითია თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისთვის,“ — აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა.
აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ხაშურში სახელმწიფო და მუნიციპალური დროშები დაშვებულია.




