ქარელის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის სარწყავი სისტემის შაქშაქეთის დიუკერის, ავარიული ფარისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია იწყება.
პროექტის ფარგლებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია განხორციელდება. ასევე მოეწყობა საუბნო სახლი, მასთან მისასვლელი გზა და მიმდებარე ტერიტორია.
დაგეგმილი სამუშაოების არეალი და არსებული ინფრასტრუქტურა ადგილზე შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა კომპანიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.
გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, შაქშაქეთის დიუკერის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი რეაბილიტაცია აუცილებელია საირიგაციო სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის და სარწყავი წყლის სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად.
პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულება 2027 წლის აპრილის ბოლოს იგეგმება.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაიზრდება შაქშაქეთის დიუკერისა და სათავე ნაგებობის მდგრადობა და საიმედოობა, რაც წყალმომხმარებლებისთვის სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს.