შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან პროექტების მიმდინარეობა და სამუშაოების შესრულების ვადები განიხილეს.
ხაშურში ამ ეტაპზე რამდენიმე მსხვილი პროექტი ხორციელდება. ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 4 მილიონ 160 ათასი ლარია გათვალისწინებული, კოსტავას ქუჩის სამუშაოებისთვის კი 1 მილიონ 751 ათას 945 ლარი.
პარალელურად, მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციაც, რომლის ღირებულება 1 მილიონ 777 ათას ლარს შეადგენს.
პროექტები გზის საფარის განახლებას, ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებასა და გარე განათების განახლებას ითვალისწინებს. სამუშაოების მიზანი სატრანსპორტო მოძრაობისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების პირობების გაუმჯობესებაა.