ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში ახალი პროექტის – „მკითხველის ხმა“ პირველი შეხვედრა გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს ლიტერატურული ნაწარმოებების ახლებურად გააზრებას, მათი თანამედროვეობის ჭრილში განხილვას და ახალგაზრდებში საჯაროდ გამოსვლისა და საკუთარი მოსაზრებების დამაჯერებლად გადმოცემის უნარების განვითარებას.
პროექტის პირველი შეხვედრის მონაწილე ხაშურის მე-5 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე, ანი ქურდაძე იყო. ბიბლიოთეკასთან არსებული მხატვრული კითხვის წრის წევრმა, ხელმძღვანელ კლარა გელაშვილისა და პედაგოგ ირინე გელაშვილის მხარდაჭერით, მსმენელს კლასიკოსი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი რომანი „ჯაყოს ხიზნები“ წარუდგინა.
ახალგაზრდა მომხსენებელმა ისაუბრა ნაწარმოების სიუჟეტზე, პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და მათ ქმედებებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პერსონაჟების გადაწყვეტილებების გააზრებასა და იმაზე მსჯელობას, თუ როგორ შეიძლება განვითარებულიყო მოვლენები განსხვავებული არჩევანის შემთხვევაში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რამაც დამსწრე საზოგადოების აქტიური ჩართულობა და საინტერესო დისკუსია განაპირობა.
პროექტში მონაწილეობისთვის ანი ქურდაძეს დიპლომი გადაეცა, ხოლო ხაშურის მე-5 საჯარო სკოლას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი.
ორგანიზატორების იმედით, ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და მასში ხაშურის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა და ფართო მკითხველი საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება.
შეხვედრის დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ცენტრალური ბიბლიოთეკის მომსახურების განყოფილების მთავარ ბიბლიოთეკარს, მაკა ლეჟავას ხსოვნას.
პროექტი „მკითხველის ხმა“ მიზნად ისახავს წიგნის სიყვარულის გაღრმავებას, ახალგაზრდების გააქტიურებასა და ლიტერატურის გარშემო საინტერესო დიალოგის შექმნას.


