„პატარა ხელები, დიდი ფანტაზია“. – ხაშურის ბიბლიოთეკაში ბავშვებისთვის შემოქმედებითი მასტერკლასი გაიმართა
ღონისძიება საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა, კლარა გელაშვილმა გახსნა. ნორჩ მკითხველებს შემოქმედებით მასტერკლასს მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე უძღვებოდა, რომელმაც ბავშვებს თბილი და შთაგონებით სავსე გარემო შეუქმნა.
ნინო ჩაკვეტაძის ბიოგრაფია და შემოქმედებითი საქმიანობა წარადგინა ბიბლიოთეკასთან არსებული მხატვრული კითხვის წრის წევრმა, ხაშურის №5 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანი ქურდაძემ.
მასტერკლასის ფარგლებში ნინო ჩაკვეტაძემ ბავშვებს ჯანი როდარის „გაუგონარი წვიმა“ წაუკითხა, რის შემდეგაც ნორჩ შემოქმედებს მოთხრობის საკუთარი წარმოსახვით გადატანა და ილუსტრირება შესთავაზა.
ბავშვებმა ჯანი როდარის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სამყარო საკუთარი ფერებითა და ფანტაზიით გააცოცხლეს. მათთვის აქტივობა მხოლოდ ხატვის პროცესი არ ყოფილა — ეს იყო შესაძლებლობა, წაეკითხათ, წარმოედგინათ, ეგრძნოთ და საკუთარი წარმოსახვით დანახული სამყარო ფურცელზე გადაეტანათ.
მასტერკლასში ბიბლიოთეკისა და მისი ფილიალების ხატვით დაინტერესებული ნორჩი მკითხველები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებამ ბავშვებს საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენის, ფანტაზიის განვითარებისა და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცა.
ბიბლიოთეკაში მადლობას უხდიან მხატვარ ნინო ჩაკვეტაძეს ბავშვებისთვის დათმობილი დროის, პროფესიონალიზმისა და შემოქმედებითი შთაგონებისთვის, ხოლო ნორჩ მხატვრებს – აქტიური ჩართულობისთვის.