ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელები 1 მლნ ლარს, ვერცხლის მედლის მფლობელები -500 000 ლარს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი 250 000 ლარს მიიღებენ
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელები 500 000 ლარს მიიღებენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელებიკი 250 000 ლარს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებთან შეხვედრაზე განაცხადა. ღონისძიება ავლაბრის ცერემონიების სასახლეში იმართება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 8 მედალი ისტორიული შედეგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და თქვენთან შეხვედრა. მივესალმები პლანეტის ყველაზე ძლიერ ადამიანს, ლაშა ტალახაძეს, მივესალმები ლაშა ბექაურს, ვაჟა მარგველაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს, იაკობ ქაჯაიას, გენო პეტრიაშვილს, ანტონ პლესნოის, გურამ თუშიშვილს, რომელიც საპატიო მიზეზით ვერ გვესწრება დღეს.
ძვირფასო ოლიმპიელებო, ჩვენო საამაყო გმირებო. თქვენ, მართლაც საოცარი შედეგი დადეთ. 8 მედალი, მართლაც ისტორიული შედეგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მედლების რაოდენობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ტოპ 10-ეულში შევიდა. მადლობა ამისთვის თქვენ, მადლობა გამარჯვებისთვის. მთავრობის სახელით მადლობას მოგახსენებთ.
მაქვს პატივი, გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ წასვლის წინ გაგაცანით, რომ ოქროს მედლის მფლობელი მიიღებს 1 მლნ ლარს, ახლა რაც შეეხება ვერცხლის მედლის მფლობელებს, მინდა გაცნობოთ, რომ 500 000 ლარი იქნება თქვენი ჯილდო, ბრინჯაოს მედლის მფლობელი მიიღებს - 250 000 ლარი “, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.