გორელმა პედაგოგებმა ინკლუზიური განათლების მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს
პოლონურ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტიდან, კონკურსის წესით შერჩეულმა პედაგოგებმა, ინკლუზიური განათლების მიმართულებით პოლონეთში გაიარეს თეორიული და პრაქტიკული კურსი. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.
დელეგაცია ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის პარტნიორ ქალაქ ოჟიშში, სადაც მათ, პოლონელი ექსპერტების მონაწილეობით, 40 საათიანი სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაუტარდათ.
თამარ ლურსმანაშვილს, ნათია ტორონჯაძეს, ლანა ვაიცეხოვსკის, ნინო ბექაურს და ქეთევან ჩიტაძეს გადაეცათ სერთიფიკატები, რომელიც გასცა პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. გარდა თეორიული კურსისა, გორელ პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ, საბავშვო ბაღებში დაკვირვებოდნენ და ჩართულიყვნენ საგანმანათლებლო პროცესში, თუ როგორ მუშაობენ პოლონელი კოლეგები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან. გორიდან შერჩეული სპეც მასწავლებლების დელეგაციას ხელმძღვანელობდა იოსებ ვანიშვილი- სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერის მოადგილე, რომელიც თავის მხრივ აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში და ეცნობოდა სკოლამდელი აღზრდის სპეციფიკას, რეფორმებს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს. სოსო ვანიშვილმა ოჟიშის გამგებელთან, ზბიგნევ ვლოდკოვსკისთან ერთად, საზეიმოდ გახსნა სარეაბილიტაციო დარბაზი ერთ-ერთ სკოლამდელ დაწესებულებაში, სადაც ტიპიურ ბავშვებთან ერთად, სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ბავშვები სწავლობენ, მათ შორის აუტისტური სპექტრის, დაუნისა და ასპერგერის სინდრომის მქონე აღსაზრდელები.
იოსებ ვანიშვილმა და ქართველმა პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ ცერემონიებში სკოლასა და ოჟიშის უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია საქართველოს შესახებ. სტუმრები ასევე მიიწვიეს რადიო გადაცემაში გორისა და ოჟიშის თანამშრომლობის თემაზე სასაუბროდ.
ოჟიშის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, პოლონურ-ქართულ თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის, საპატიო მედლით დააჯილდოვა გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი, სოფიო რეზრიჩენკო.
პოლონეთიდან დაბრუნებული მასწავლებლები ახალ სფეროში საქმიანობას უკვე ოქტომბრიდან შეუდგებიან.