ქარელის მუნიციპალიტეტში მგლის დატყვევების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რეაგირება მოახდინეს
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, სადაც ჩანს მგლის დატყვევებისა და არასათანადოდ მოპყრობის ფაქტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული რეაგირება მოახდინეს - სამართალდამრღვევის ადგილმდებარეობის დადგენის შემდეგ, დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გარეული ცხოველის კონფისკაცია მოახდინეს.
„მოქალაქეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, მგელი, საკუთრებაში არსებული საკალმახის ტერიტორიაზე, რამდენიმე წლის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული.
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები ორი მუხლით შეადგინეს, რაც ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობას და გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს 100-დან 500 ლარამდე და 1000-ლარიან ჯარიმას, ასევე ცხოველის კონფისკაციას.
მგელს ცხვარიჭამიაში, ცხოველთა თავშესაფარში დროებით, საქმის განხილვის დასრულებამდე მიაბარებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.