სუს-ის ფაილებში გორისა და ატენის მიტროპოლიტ მეუფე ანდრია გვაზავას და მისი ძმის საუბრების ჩანაწერი აღმოჩნდა
ირაკლი ოქრუაშვილი სუს-ის ფაილებიდან იმ ჩანაწერს ასაჯაროვებს, სადაც მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა საკუთარ ძმასთან, გია გვაზავასთან ოქრუშვილის განთავისუფლების შესახებ საუბრობს. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ გორისა და ატენის მიტროპოლიტი უარყოფითად აფასებდა ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლებას. მეუფე მიიჩნევდა, რომ პოლიტიკოსების გათავისუფლება ქართული ოცნების რეიტინგზე უარყოფითად აისახებოდა.
,,სუს-ის ფაილებიდან: [16.05.20, 16:41:40] Akaki Nemsadze: გორის და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ, ძმასთან გია გვაზავასთან საუბრისას უარყოფითად შეაფასა პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის და პოლიტიკური პარტია ,,ევროპული საქართველოს'' ლიდერის გიგი უგულავას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების ფაქტი. მიტროპოლიტის თქმით, ზემოხსენებული პიროვნებების პატიმრობიდან გათავისუფლება უარყოფითად აისახება მოქმედი ხელისუფლების იმიჯზე და მნიშვნელოვნად შეილახება პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნების" ავტორიტეტი, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად იმოქმედებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე.“ - აღნიშნული ინფორმაცია ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
,,მინდა რაღაც ვთქვა ამ ყველაფერზე, მასზე (მიტროპოლიტ ანდრია გვაზავაზე), ფარისევლობაზე და სიყალბეზე, მაგრამ რაღაც შინაგანი მიჭერს და მბორკავს. არადა ჩემი შემაკავებელი, რომ რაც მინდა ვთქვა, არაფერი არსებობდა აქამდე. სჯობს არაფერი ვთქვა და უბრალოდ ველოდო ასევე შინაგან ხმას, რომელიც ოდესმე ეკლესიისკენ (და არა ღმერთისა და რწმენისკენ) მომაბრუნებს. თუმცა ნაწილობრივ უკვე ვთქვი რაც 2007 წელს უნდა მეთქვა მისთვის.“ - წერს ირაკლი ოქრუაშვილი