გენადი ბესტაევი ისევ კომაშია - ოკუპანტების უკანონო პატიმარს ინსულტი ცხინვალის ციხეში ყოფნისას განუვითარდა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი, რომელიც ცხინვალის ციხეში ინსულტის
განვითარების შემდეგ, თბილისში გადმოიყვანეს, უკვე სამ კვირაზე მეტია, კომაშია.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას განმარტებით, ბესტაევს ხანგრძლივი
მკურნალობა სჭირდება და ახლა სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მოლოდინში არიან.
"გენადი ბესტაევის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის კომაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
პროგნოზები კვლავ არ არის დამაიმედებელი სამწუხაროდ. სამ კვირაზე მეტია ის გათიშულია, გამომდინარე იქედან,
რომ ძალიან მძიმე ჰემორალური ინსულტი გადაიტანა. ჩვენ შევიტანეთ დაფინანსებაზე რეფერალურ პროგრამაში
განაცხადი. გენადი ბესტაევის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს", - თქვა დავით ქაცარავამ.
53 წლის გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს.
საოკუპაციო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა, ერთი თვის წინ კი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი
გაუარესების შემდეგ, საქართველოს მოქალაქე ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს.