ზეღდულეთში აქციები განახლდა



ზეღდულეთში აქციები განახლდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში აქციები განახლდა. ადგილობრივები ითხოვენ, სოფელს დაუბრუნდეს საძოვრები, რომლებიც მათივე თქმით, 2008 წელს გასხვისდა. მოსახლეობამ ადგილზე აქცია პერფომანსიც მოაწყო. სადავო მიწის ფართობზე 2008 წლის ომის დროს დაღუპული სამხედროების ფოტოებით ბანერი დადგეს და სიმბოლურად ამ ადგილს ომში დაღუპული გმირების სახელი უწოდეს.

საუბარია 75 ჰექტარ მიწის ფართობზე, საიდანაც, როგორც ცნობილია, 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრესია, 25 კი შპს „ფუდლენდის“ საკუთრებას წარმოადგენს.

ცნობისთვის, სოფელ ზეღდულეთში მიწის ფართობის გასხვისებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია უკვე რამდენჯერმე გაიმართა. მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ. აქციის მონაწილეები არ დათანხმდნენ შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც სოფელს 25 ჰექტარი მიწის ფართობი დაუბრუნდებოდა. ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს მოსახლეობა მაგისტრალის გადაკეტვასაც შეეცადა, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაც მოჰყვა.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ