რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს COVID -19-ის საწინააღმდეგო აცრაზე ძლიერი გვერდითი ეფექტი და სხვას - არა?
ნებისმიერი აცრა, მათ შორის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაც, მზად არის მოატყუოს ჩვენი ორგანიზმი, თითქოს ის რეალურ ვირუსს ებრძვის. შესაბამისად, „მოტყუებული“ ორგანიზმი რთავს იმუნურ სისტემას და უბრძანებს მას, ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლა სასწრაფოდ დაიწყოს.
უპირველეს ყოვლისა, შეიძლება გაჩნდეს უსიამოვნო შეგრძნებები კონკრეტულად ინექციის ადგილზე. მაგალითად, ეს არის მცირე შეშუპება და არც ისე ძლიერი ტკივილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი იმუნური სისტემა მოქმედებას იწყებს. შემდგომი ეფექტები შეიძლება უკვე სხეულის სხვა ნაწილებზეც გავრცელდეს და გამოიწვიოს გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის - სიცხე, ციება და გულისრევა. ედინბურგის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის პროფესორი ელეონორ რაილი BBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ყველა ეს შეგრძნება ანთებით პროცესზე რეაქციით არის განპირობებული.
მეცნიერის განმარტებით, აცრა არის ერთგვარი ბიოქიმიური სახანძრო განგაში, რომელიც გვამცნობს, რომ ორგანიზმში რაღაც რიგზე ვერ არის. ”ვაქცინა მობილიზებას უკეთებს იმუნურ სისტემას, რომელიც გზავნის თავის უჯრედებს უშუალოდ ინექციის ადგილზე, რათა მათ გაარკვიონ, რა ხდება იქ”, - განმარტავს პროფესორი რაილი.
რატომ უვლინდება ზოგიერთ ადამიანს ძლიერი გვერდითი ეფექტი, სხვას კი - საერთოდ არანაირი?
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმზე აცრის ზემოქმედების მექანიზმი ყოველთვის ერთნაირია, გვერდითი მოვლენების სიმძაფრე მნიშვნელოვნად განსხვავდება. AstraZeneca-ს ვაქცინის კლინიკური კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ენდრიუ პოლარდის განმარტებით, ვიღაც საერთოდ ვერაფერს იგრძნობს, სხვას შეიძლება ძილიანობა მოემატოს, ზოგიერთს კი, შესაძლოა, 2-3 დღის საწოლში გატარება მოუწიოს. მისივე თქმით, აცრის შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ასაკი. რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით უფრო ადვილად იტანს აცრას.
დავუშვათ, რომ ასეა. მაშ, რატომ განსხვავდება გვერდითი მოვლენები ერთი და იმავე ასაკის ადამიანებშიც? პროფესორი რაილი თვლის, რომ გვერდითი მოვლენების ფართო სპექტრის საფუძველი არის ჩვენი იმუნური სისტემის უდიდესი გენეტიკური მრავალფეროვნება. "ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცის იმუნური სისტემა მიდრეკილია, გამღიზიანებელ ნაწილაკებზე ძალიან აგრესიული რეაქცია ჰქონდეს. ადამიანები, რომელთაც აცრის შემდეგ რეალური გრიპის მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდათ, იღბლიანები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ორგანიზმი ძალიან სწრაფი და ძლიერი რეაქციისკენ არის მიდრეკილი“, - განმარტავს მეცნიერი.
ნიშნავს თუ არა აცრით გამოწვეული ძლიერი გვერდითი მოვლენა, რომ დაცვაც უფრო ძლიერია?
წარსულში მსგავსი პრეცედენტები ნამდვილად არსებობდა. როგორც პროფესორი პოლარდი აცხადებს, 2009 წელს გრიპის ეპიდემიის დროს, ძლიერი გვერდითი მოვლენები უფრო ძლიერ იმუნურ რეაქციას გულისხმობდა. თუმცა ეს COVID-19-ის ვაქცინის შემთხვევაში არ მუშაობს. აქვს ადამიანს გვერდითი მოვლენები თუ არა, ყველას დაახლოებით ერთნაირი რაოდენობის ანტისხეულები ექნება. ხანდაზმული ადამიანები, რომელთა აცრაც, ფაქტობრივად, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე მიმდინარეობს, იღებენ ზუსტად ისეთივე დაცვას, როგორც ის პირები, ვინც ვაქცინაციის შემდეგი რამდენიმე დღე საწოლში გაატარეს.
ამ ფენომენის ახსნა იმუნური სისტემის ორი ნაწილის ურთიერთქმედების გათვალისწინებით არის შესაძლებელი. პირველ რიგში, ეს არის ეგრეთ წოდებული თანდაყოლილი იმუნიტეტი, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმს აქვს უნარი, გაანეიტრალოს ის დაუპატიჟებელი სტუმრებიც კი, რომლებიც მას აქამდე არ შეხვედრია. მეორე მხრივ, ეს არის შეძენილი იმუნიტეტი, რომლის საშუალებითაც ჩვენი სხეული ჯერ სწავლობს, თუ როგორ გაუმკლავდეს კონკრეტულ საფრთხეს და შემდეგ ამ ყველაფერს იმახსოვრებს.
პროფესორი რაილი განმარტავს, რომ ზემოთ ხსენებული განსხვავების განმაპირობებლი არის სწორედ თანდაყოლილი იმუნიტეტი, რომელიც ასაკის მიხედვით იცვლება და ამავდროულად, ყველა ადამიანს გენეტიკური დაცვის სისტემა აქვს. სწორედ ეს განსაზღვრავს გვერდითი მოვლენების სიძლიერეს.
თუ პირველ დოზაზე მძაფრი რეაქცია მქონდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მეორეზეც იგივე გვერდითი მოვლენები მექნება?
საკმაოდ ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ თუ აცრის პირველი დოზის გამოცდილება არც თუ ისე სასიამოვნო იყო, მეორე დოზა მის გაგრძელებას ნიშნავს. თუმცა მეცნიერები ასე სულაც არ ფიქრობენ. ”მეორე დოზა იქნება სრულიად უვნებელი. ის სულაც არ არის ისეთი ძლიერი, როგორც პირველი ", - აცხადებს პროფესორი პოლარდი. თუმცა ამ დროს ის ოქსფორდში შემუშავებულ AstraZeneca-ს გულისხმობს. მეცნიერი გვახსენებს, რომ ზოგიერთი მონაცემით, Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზამ შეიძლება ოდნავ უფრო მკვეთრი გვერდითი ეფექტი გამოიწვიოს, ვიდრე - პირველმა.
საერთოდ, რამდენად საჭიროა და მიზანშეწონილი აცრის გვერდითი ეფექტების განხილვა?
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ, ექიმი პაციენტს სთხოვს, დაახლოებით 45 წუთი კლინიკის ტერიტორია არ დატოვოს. იგივე პრაქტიკაა ევროპაში, თუმცა იქ დრო განსხვავებულია - მხოლოდ 15 წუთი. ამავდროულად, საქართველოში აცრის შემდეგ პირს ეძლევა ამის დამადასტურებელი ფურცელი, რომლის უკანა გვერდზე ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენაა აღწერილი.
ისევ დასავლეთს რომ დავუბრუნდეთ, ევროპის წამლის სააგენტომ უკვე დაადასტურა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ აცრა თრომბის ჩამოყალიბებას იწვევს. თუმცა არსებობს სხვა გვერდითი მოვლენები და ისინი სავსებით რეალურია. იმავე პოლარდის თქმით, მათზე ღიად და პირდაპირ უნდა ვისაუბროთ. ”თუ თავიდანვე გეტყვიან, რომ დიახ, თქვენ შეიძლება ცუდად იგრძნოთ თავი, მაგრამ ეს საშიში არ არის, უბრალოდ, უსიამოვნო პროცესია, მიიღებთ პარაცეტამოლს და რამდენიმე დღეს გაუძლებთ. თუმცა თუ ასეთი შეგრძნებები მოულოდნელად დაგემართებათ, შფოთვა ნამდვილად გარანტირებული გავქვთ“, - განმარტავს პროფესორი პოლარდი.
წყარო: იმედინიუსი