გორში ნუგზარ სხირელისადმი მიძღვნილი პირველი მემორიალური ტურნირი, თავისუფალ ჭიდაობაში, გაიმართება



გორში ნუგზარ სხირელისადმი მიძღვნილი პირველი მემორიალური ტურნირი, თავისუფალ ჭიდაობაში, გაიმართება

12-14 ნოემბერს, გორში, გაიმართება მსოფლიოში აღიარებული მწვრთნელის, ნუგზარ სხირელისადმი მიძღვნილი პირველი მემორიალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, ახალგაზრდებს შორის.

ტურნირზე, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენელი სპორტსმენები, 10 წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.

 დაწესებულია ამ ასაკობრივი შეჯიბრებისთვის უპრეცედენტოდ სოლიდური საპრიზო ფონდი! წონით კატეგორიებში, ოქროს მედლის მფლობელები მიიღებენ 600 ლარს, ვერცხლის პრიზიორები 400 ლარს, ხოლო ბრინჯაოს მედლების მფლობელები 250-250 ლარს. ამასთან, ყველა წონით კატეგორიაში, გამარჯვებული სპორტსმენის პირადი მწვრთნელი დაჯილდოვდება 200 ლარით.

 გარდა ამისა, თითოეული ჩემპიონს, თუ ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებს გადაეცემათ თასები, მედლები, სიგელები და საჩუქრები.

შეჯიბრება, ბატონი ნუგზარის ყველაზე ტიტულოვანი შეგირდის, ამჟამად გორის მუნიციპალიტეტის მერის - ლადო ხინჩეგაშვილის თაოსნობით იმართება. ტურნირის ორგანიზატორია - გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით.

ტურნირზე მოასპარეზე გუნდების მწვრთნელებმა, საორგანიზაციო კომიტეტს უნდა წარმოუდგინონ ექიმის ბეჭდით დამოწმებული გუნდის განაცხადი და სწრაფი ტესტის პასუხები. სპორტსმენებმა კი, აწონვებზე, აუცილებლად თან უნდა იქინიონ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.

ტურნირზე მონაწილეთა აწონვა და რეგისტრაცია დაიწყება 12 ნოემბერს, პირველი საშეჯიბრო დღე - 13 ნოემბერს, ფინალური ბლოკი ჩატარდება - 14 ნოემბერს.

ნუგზარ სხირელის სახელობის პირველი მემორიალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, ახალგაზრდებს შორის ჩატარდება გორის სპორტის სასახლეში.

ტურნირზე მაყურებლის დასწრება განისაზღვრება, ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ