გორის პირველ სკოლას ფასადი დაუმახინჯეს - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება



გორის პირველ სკოლას ფასადი დაუმახინჯეს - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ნინო დალაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს და პირველი სკოლის ფოტოებს აქვეყნებს. იგი მომხდარს ვანდალიზმის ფაქტად აფასებს და შესაბამის სამსახურებს დაშვებული შეცდომის გამოსწორებისკენ მოუწოდებს.

,, ფოტოზე ხედავთ გორის პირველ სკოლას, რომელიც არის 65 წლის, კომუნისტების დროს აშენებული,   მოპირკეთებული. ახლა, ამ ვანდალებმა გადალესეს   !  ამას ვერ ახსნის ვერანაირი არგუმენტი იმის შესახებ, რომ ან აგური ცვიოდა, ან რამე, ამ ტიპის "მიზეზ(ებ)". აგური თუ ცვივა, უნდა მიამაგრო და გაამაგრო აგური! შენობა არის კაპიტალური და თუ პრობლემა ჰქონდა ფასადის დეტალებს, ეს უნდა გაეკეთებინათ აკურატულად და პასუხისმგებლიანად და არა ასე ვანდალურად - ვითომ "საქმეში" რომ ითვლი თან.

დარწმუნებული ვარ, ბევრ პედაგოგს, გულზე ხელის ბრაგუნით აუხსნია ილია ჭავჭავაძე და "უმსჯელია", რატომ იყო პეტრე დამნაშავე, ან იყო თუ არა, საერთოდ. თუნდაც, პირველ კლასში რომ ლექსს ასწავლიან, ატალახდა ეზო და ვინც ამას ხედავს და თვალს ხუჭავს, ისიც დამნაშვეაო. მაინტერესებს, რატომ ასწავლით ბავშვებს ამ ყველაფერს, ან რა პირით ასწავლით? რა აზრი აქვს? ცხოვრებაში, რეალურად, პირველი კლასის მასალასაც ვერ ითვისებთ თქვენ თავად!

ჩემი მეგობრები იხსენებენ ხოლმე, როგორი გამწარებული იყავი, იტალიიდან რომ დაბრუნდიო. კი, ვიყავი გამწარებული, რადგან იქ პატარა დეტალსაც კი უვლიან. სულ რომ სკამის ფეხია, იმასაც უვლიან, ფიქრობენ, როგორ გააუმჯობესონ, გაალამაზონ, როგორ უფრო მოხერხებული, გამძლე და ამავდროულად, ესთეტიურად მიმზიდველად აქციონ. ესაა დასავლური ცხოვრების წესი, ესაა ევროპელობა. აქ კიდევ, რაც გვაქვს, იმასაც ვაბანძებთ, ვაქაჯებთ და მერე, ერთმანეთისკენ ხელს ვიშვერთ, ამის ბრძანება იყო, ის "პატარა ქალია, ვერაფერს წყვეტს" და ასე ვინგრევთ თავზე იმას, რაც რუსებისგან გადაგვირჩა. ჩაჩუმათება, ნაგვის ხალიჩის ქვეშ შეტენვა და მერე თავმომწონედ წამოკოკლოზიკება ჩვენი სპორტია. ამას, შიგადაშიგ, დანგრეულ ალეპოზე დარდსა და დაბომბილ უკრაინაზე მჯიღისცემასაც ვუთავსებთ. ჰოდა, ამიტომაც ვართ ასე, ტლაპოში, ღორებივით, აქაა ჩვენი ადგილი“ - წერს ნინო დალაქიშვილი.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ