შინდისის გმირთა მონუმენტი კვლავ დაუსრულებულია - თავდაცვის მინისტრის კომენტარი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების მონუმენტი ამ დრომდე დადგმული არ არის. ადგილზე ჯერ ისევ თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა მუშაობს. ამ დროისთვის პორტრეტული ქანდაკებიდან 14-ია დადგმული.
იქ, სადაც 2008 წელს შინდისის გმირები დაიღუპნენ, ნუგზარ ჭავჭავაძის პორტრეტული მონუმენტი უნდა დაიდგას. ერთმანეთის მხარში და მხრებზე მდგომმა მებრძოლებმა ხორუმი უნდა მოგაგონოთ, რომელიც ერთიანობის სიმბოლოს შექმნის.
მონუმენტის სამონტაჟო სამუშაოებს ესწრება მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძეც, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.
„სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ბიჭებიც აქ არიან. კომპოზიცია დილით მზად იქნება, მაგრამ ძეგლის სრულყოფილი სახის მისაცემად კიდევ დრო იქნება საჭირო“ - გვითხრა მან. შარშან ამ დროს სახელმწიფო ეჭვქვეშ აყენებდა ჭავჭავაძის მონუმენტის დადგმის პერსპექტივას.
თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე შინდისის ბრძოლიდან 14 წლის გასვლის შემდეგ ამბობს, რომ გმირების მონუმენტი სექტემბერში გაიხსნება. ამ თემაზე კომენტარი მან ცოტა ხნის წინ, შინდისში, დაღუპულთა ოჯახის წევრებთან საუბრის შემდეგ გააკეთა.
"მე მოხარული ვარ, რომ დღეს მოვისმინე მადლიერება ოჯახის წევრებისგან გამოთქმული, ჩვენ ერთ წელიწადში შევძელით, ფაქტობრივად დავასრულეთ მონუმენტი, ჩვენ ვგეგმავთ, რომ სექტემბერში გვექნება გახსნა აღნიშნული მონუმენტის. ჩვენ გვქონდა სხვა ვერსიაც მონუმენტის ესკიზის, თუმცა ოჯახების თხოვნით და მათთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ შეგვენარჩუნებინა არსებული ესკიზი რაც გვქონდა ჩვენ და ფაქტობრივად დავასრულეთ. ჩვენ დღეს მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ შთაბეჭდილება ყველას შეჰქმნოდა თუ როგორ გამოიყურება მონუმენტი", - თქვა ბურჭულაძემ.