კასპის სოფლები ისევ დაისეტყვა
სტიქია კასპის მუნიციპალიტეტში - დასეტყვილია სოფელი ზემო ხანდაკი, მეტეხი, ჩოჩეთი და მიმდებარე დასახლებები. უხვმა ნალექმა და ძლიერმა სეტყვამ განსაკუთრებით სოფელი ზემო ხანდაკის მაცხოვრებლები დააზარალა. სოფელში მოვარდნილმა ნიაღვარმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლის სარდაფი დატბორა. სოფელში წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობდა. სტიქიის შედეგად დახოცილია შინაური ფრინველიც. სეტყვამ მეოთხედ გადაუარა და დაზიანა ხეხილის ბაღებს და სასოფლო სამეურნეო სავარგულებს. (ვიდეო)
,,ვიყავით სოფელში გასულები და დავათვალიერეთ სტიქიის შედეგები. ასეთი უხვი ნალექი სეტყვასთან ერთად დიდი ხანია არ ყოფილა. მოსახლეობას დავეხმარეთ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში. სხვა სახის შეტყობინება დახმარების შესახებ ჩვენთან არ შემოსულა.“ - ამბობს მერის წარმომადგენელი ზემო ხანდაკში, ვლადიმერ მარღიშვილი.
სოფელში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს სეტყვის შედეგად უკვე მეოთხედ დაზარალდნენ. წინა შემთხვევებში სეტყვამ მოსახლეობას ძირითადად სასოფლო სამეურნეო სავარგულები და ხეხილის ნაყოფი გაუნადგურა. ზარალის დამთვლელი კომისია მაშინ არ შექმნილა და უცნობია დაეხმარებიან თუ არა, უკვე მეოთხედ დაზარალებულ სოფლის მოსახლეობას.