გორის განვითარების სააგენტოს გიორგი ედიშერაშვილი უხელმძღვანელებს - თამაზ მაყაშვილს თანამდებობაზე აღარ დანიშნავენ
გორის განვითარების სააგენტოს დირექტორად, გიორგი ედიშერაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ,,ტვ მონიტორინგს“ თავად ედიშერაშვილმა დაუდასტურა. ის მუშაობას უკვე შეუდგა. ედიშერაშვილის ბოლო სამუშაო ადგილი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები იყო. მან აქ მუშაობა სამი დღის წინ დაასრულა.
აღნიშნულ ა(ა)იპში, ამ თანამდებობაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველის, თევდორე მაყაშვილის მამა განიხილებოდა, თუმცა თამაზ მაყაშვილს, თანამდებობაზე უარი მოულოდნელად უთხრეს.
ის, რომ მაყაშვილი ახალი აიპის ხელმძღვანელად ინიშნებოდა ,,ტვ მონიტორინგს“ 9 ივნისს თავად დაუდასტურა. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ და რატომ შეცვალა გადაწყვეტილება სააგენტოს დირექტორად, თამაზ მაყაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. მაყაშვილი ამ დრომდე გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს.
ცნობისთვის, ლაშა ხმალაძემ სააგენტოში წლები მუშაობდა. ის ჯერ დირექტორის მოადგილე, 2019 წლიდან კი მისი დირექტორი იყო. ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, აღნიშნული მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ფუნქციებიც შეიცვალა. კერძოდ, ის გორის განვითარების სააგენტოდ გარდაიქმნა და ამჟამად, მისი ხელმძღვანელის მოვალეობას თამაზ მაყაშვილი ასრულებს.
თემაზე რეპორტაჟს ვამზადებთ და დეტალებს დღეს, 19:00 საატზე, ,,ტვ მონიტორინგზე“ ნახავთ