დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღეს ჩვენ საზოგადოებისთვის გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი. პირველი მესიჯი არის ის, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, ეს რეგულაცია ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება. იცით, რომ ჩვენ თვეების მანძილზე ყოველთვის ვამბობდით, თუ რამდენად ეფექტურია პირბადე ინფექციისგან დასაცავად და აქედან გამომდინარე, დღევანდელი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ე.წ. მეოთხე ტალღის ეფექტურად დაძლევა მოვახდინოთ“ , - განაცხადა ტიკარაძემ.