საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმები იზრდება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს, რომლებიც საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმების ზრდასა და პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და მუხლობრივი განხილვისას ნაწილობრივ დაკორექტირდა.
ცვლილებების მიხედვით, იზრდება ჯარიმები მანევრირების წესების დარღვევაზე (100 ლარამდე და 20 ქულის დაკლება), სიჩქარის გადაჭარბებაზე (100 ლარამდე), უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობასა და საჭესთან მობილურით სარგებლობაზე (50 ლარამდე და 10 ქულის დაკლება).
50 ლარამდე იზრდება დგომა-გაჩერების წესების დარღვევის სანქცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა დიდ ქალაქებსა და კურორტებზე. დამატებით, 200 ლარით დაჯარიმდება „BUS LANE“-ზე საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა, ხოლო ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე გაჩერება 100 ლარით და ავტომობილის ევაკუაციით დასრულდება.
მკაცრდება სანქციები ე.წ. „დრიფტზეც“ — ქონების ან პირის დაზიანების შემთხვევაში 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად მართვის უფლება 6 თვით შეუჩერდება.
გარდა ამისა, 2 000-დან 5 000 ლარამდე იზრდება ჯარიმები გზისა და ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის.