გორის №11 საჯარო სკოლის მშენებლობას არსებული კონტრაქტორი კომპანია გააგრძელებს, თუმცა სამუშაოებზე მკაცრი მონიტორინგი დაწესდება. გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კი კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდება და პროექტს სხვა კომპანია გადაიბარებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და პედაგოგებს გააცნო. შეხვედრას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე ესწრებოდნენ.
მინისტრი მშობლებსა და პედაგოგებს დაპირებისამებრ, 20 დღის შემდეგ კვლავ შეხვდა და სკოლის მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააცნო.
რევაზ სოხაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში სამინისტრო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მიიღებს. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე დაზუსტდება, რა მდგომარეობაშია უკვე შესრულებული სამუშაოები.
მინისტრის განმარტებით, თუ კომპანია დამტკიცებული გეგმა-გრაფიკიდან პირველივე ჩამორჩენას დაუშვებს, მასთან ხელშეკრულება შეწყდება. ასეთ შემთხვევაში მშენებლობას აღმოსავლეთ საქართველოში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადებულ მოცულობით ტენდერში გამარჯვებული კომპანია გააგრძელებს.
სამინისტროს მიზანია, გორის №11 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 2027 წლის სექტემბერში განახლდეს.