ქარელის კულტურის ცენტრში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ჯგუფ „Crazy Girls“-ის წევრებსა და ხელმძღვანელებს ფესტივალებზე მიღწეული წარმატებისთვის სიგელები, დიპლომები და მედლები გადაეცათ.
დაჯილდოების ღონისძიებას ქარელის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვლადიმერ სულაქველიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ვახტანგ თურქაძე და კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანების მმართველი გიორგი ეგნატაშვილი დაესწრნენ.
ქარელის კულტურის ცენტრის ანსამბლმა „იბერიელები“ ქობულეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „ტკბილი ფოლკლორი“ მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის ლაურეატის წოდება მოიპოვა. ანსამბლის ხელმძღვანელებსა და ქორეოგრაფებს, შალვა საზანდრიშვილსა და ზურა ჯოხტაბერიძეს, სპეციალური პრიზები გადაეცათ.
წარმატებით იასპარეზა ასევე ანსამბლმა „ქარელი“, რომელმაც ფესტივალ „არტ-ფოლკ ფესტზე“ დიპლომები და მედლები დაიმსახურა, საერთაშორისო ფესტივალზე „ნარინჯისფერი ქობულეთი“ კი გრანპრის მფლობელი გახდა.
ჯგუფმა „Crazy Girls“, პედაგოგ მაია სუმბათაშვილის ხელმძღვანელობით, ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „Art Unites Us“ სპეციალური ჯილდო მიიღო. ჯგუფის წევრები მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებაზე ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა შემოქმედებით ჯგუფებს მიღწეული წარმატებები მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

