2024 წლამდე დევნილთა ბინების ასაშენებლად 709 800 000 ლარი დაიხარჯება



2024 წლამდე დევნილთა ბინების ასაშენებლად 709 800 000 ლარი დაიხარჯება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა, უპრეცედენტოდ მასშტაბური, 4-წლიანი განსახლების გეგმის პრეზენტაციას დაესწრნენ.

როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე ითქვა, 2021-2024 წლებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში - ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ჯამში, 8000-მდე ბინა აშენდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 709 800 000 ლარი გამოიყოფა.

პრეზენტაციაზე დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელების ვადების, ბიუჯეტისა და ადგილმდებარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები, ეტაპობრივად, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში გადაეცემათ.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, არა მხოლოდ 80-მდე ნგრევადი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ობიექტი დაიხურება, არამედ ის შენობებიც, სადაც არასათანადო საცხოვრებელი პირობებია და დევნილებს არ სურთ მათი პრივატიზება. განსახლების გეგმა, ასევე ითვალისწინებს კერძო სექტორში მცხოვრები დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რომლებიც წლების განმავლობაში ქირით ან ნათესავებთან ცხოვრობენ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, უპრეცედენტოდ მასშტაბური, 4-წლიანი განსახლების პერიოდის დასრულების შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, ჯამში, 13 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა, საიდანაც 8000-მდე სწორედ სამშენებლო კომპანიების მიერ აშენებული ბინა იქნება, დამატებით, იგეგმება 5000-მდე სოფლად სახლის შესყიდვაც“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ