ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შიდა ქართლში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილია ქალაქ ხაშურში.
„მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული. ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ ლიანდაგზე დამონტაჟებული, მუშა მდგომარეობაში მყოფი ლენტური ხერხი, დენის წყარო (დიზელისძრავიანი გენერატორი), ცირკული ხერხი და სალესი მოწყობილობაც დაფიქსირდა. სახერხი საამქრო დაილუქა. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.