რა არის კორონავირუსის ინდური შტამი



რა არის კორონავირუსის ინდური შტამი

კორონავირუსის ინდური შტამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა და მისი განმასხვავებელი ნიშან-თვისებები განმარტა.

„ზოგადად, ვირუსებს ახასიათებს დიდი და მცირე მუტაციები, რის შედეგადაც, ახალი შტამები წარმოიშობა. ზოგჯერ, ეს ახალი შტამები მნიშვნელოვნად განსხვავდება თავისი წინამორბედისგან, ზოგჯერ, განსხვავება იმდენად უმნიშვნელოა, რომ მას ვერ ვამჩნევთ. ამის ყველაზე კარგი მაგალითი გრიპის ვირუსია, რომლის ასორტიმენტი ყოველწლიურად ახლდება. არც COVID-19-ის ვირუსი არ გამოდგა გამონაკლისი და მასში მუდმივად მიდის მუტაციები. უფრო ხშირად, ეს მუტაციები იმდენად მცირეა, რომ ის შეუმჩნეველია და ახალი შტამის სტატუსი არ ენიჭება. რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მუტაცია იყო საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ დაერქმიათ ახალი შტამი. დღეს სულ რამდენიმე შტამს განარჩევენ; პირველია კლასიკური - ჩინურ-ევროპული შტამი, რომელიც პირველად გავრცელდა, შემდეგ მოდის ე.წ. ბრიტანული შტამი, ბრაზილიური, სამხრეთაფრიკული და ინდური შტამები. ვარაუდობენ, რომ ინდური შტამის შემთხვევაში, ბრიტანულისგან განსხვავებით, ცოტა მეტი მუტაცია მოხდა. მისი განმასხვავებელი ნიშნებია გადაცემის მეტი სისწრაფე - ის ბრიტანულ შტამზე უფრო იოლად გადაეცემა. ასევე, მას ახასიათებს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირების უფრო იოლად დაინფიცირება. რაც შეეხება მიმდინარეობის სიმძიმეს; ჯერ არ არსებობს ერთიანი აზრი. ზოგი ვარაუდობს, რომ ინდური შტამი უფრო მძიმედ მიმდინარეობს და მეტი სიკვდილობა ახასიათებს, ვიდრე - ჩვეულებრივს, სტანდარტულსა და ბრიტანულს. ზოგს მიაჩნია, რომ ეს ჯერ დადასტურებული არაა, რადგან დიდი კვლევები ჯერ არ ჩატარებულა. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ; ინდური შტამი, ისევე, როგორც ბრიტანული, არაა პრინციპულად ახალი მოვლენა, რომელმაც, შეიძლება, რადიკალურად შეცვალოს კოვიდპანდემიის დინამიკა და ჩვენი ტაქტიკის რადიკალურ ცვლილებას მოითხოვდეს. ეს ნიშნავს, რომ მისი სიმპტომებიც მსგავსია, თავდაცვის საშუალებები - პირბადე და სოციალური დისტანცია აბსოლუტურად იგივეა, უბრალოდ, ამ შტამს მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. თუ ჩინურ-ევროპული შტამით ინფიცირებულთან კონტაქტი გვექნებოდა და დასნებოვნების რაღაც შანსი გვექნებოდა, აქ უფრო მაღალი შანსია, რომ ვირუსი გადმოგვედოს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, კორონავირუსის ინდური შტამისგან, დიდი ალბათობით, COVID-19-ის ყველა ვაქცინა გვიცავს.

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ