არჩილ თალაკვაძემ გახარიას პარტიაზე ისაუბრა
„ქართული ოცნება“ არის კონსოლიდირებული გუნდი. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პარტია, რომელიც ახლა უნდა შეიქმნას, არანაირად არ გახლავთ „ქართული ოცნების“ მოკავშირე, მონათესავე ან რაიმე პროექტის ნაწილი, როგორც ამაზე ჩვენი ოპონენტები და ოპონენტების მართული ტელევიზიები ინსინუაციების შექმნას ცდილობენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გიორგი გახარიას პარტიის ხვალ დაგეგმილ პრეზენტაციასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მხარდამჭერებს წარუდგენს განახლებულ პროგრამას, ხოლო თვითმმართველობის არჩევნებში - განახლებულ გუნდს.
„ჩვენ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება სწორად შეაფასებს რა მიღწევები და რა ცვლილებებია, ასევე გამოწვევებზე რა პასუხები აქვს „ქართულ ოცნებას“ დღეს. გარწმუნებთ, რომ ეს არჩევნებიც იქნება კონკურენტული არჩევნები. ჩვენ ამისთვის დემოკრატიული რეფორმები ჩავატარეთ.
რაც შეეხება გიორგი გახარიას, თუ რა პერსპექტივა აქვს მის პარტიას, რომელიც ჯერ არ არის შექმნილი და ექნება პრეზენტაცია, ამაზე თავად უნდა ისაუბროს, წინასწარ მის პერპექტივებზე რაიმე შეფასებები გავაკეთოთ, მგონი არ იქნება სწორი. ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს ვუთხარით მკაფიოდ, რომ „ქართული ოცნება“ არის კონსოლიდირებული გუნდი. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პარტია, რომელიც ახლა უნდა შეიქმნას არანაირად არ გახლავთ „ქართული ოცნების“ მოკავშირე, მონათესავე ან რაიმე პროექტის ნაწილი როგორც ამაზე ჩვენი ოპონენტები და ოპონენტების მართული ტელევიზიები ინსინუაციების შექმნას ცდილობენ. მგონია, ამ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიის დეფიციტს არ განვიცდით. მთავარი ინტერესი დღეს ის კი არ უნდა იყოს, კიდევ რამდენი ოპოზიციური პარტია იქნება შექმნილი, უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რაც ხალხს ყველაზე მეტად აწუხებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ხვალ გიორგი გახარია საკუთარი პარტიის „საქართველოსთვის“ პრეზენტაციას გეგმავს.